ცვლილება, როგორც მიღებული გადაწყვეტილება და არა – რეაქცია

თითქოს ადამიანის ბუნება ისეთია, ფეხს ვითრევთ შესაცვლელად, სანამ ამას არ გვაიძულებს მდგომარეობა, რომელიც იმდენად გაუარესდება, რომ ძველებურად ცხოვრებას ვეღარ შევძლებთ. ეს ეხება როგორც ინდივიდებს, ასევე – მთელ სოციუმს. ველოდებით კრიზისს, ტრავმას, დიდ დანაკარგს, დაავადებას და ტრაგედიას მანამ, სანამ სერიოზულად შევხედავთ საკუთარ თავს, დავსვამთ კითხვას, თუ ვინა ვართ, როგორ ვცხოვრობთ, რას ვგრძნობთ, რისი გვჯერა და რა ვიცით. ეს ყველაფერი ცვლილებისათვის აუცილებელია. ხშირად ყველაზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდნა გვესაჭიროება, რომ გავიაზროთ ცვლილების აუცილებლობა ჩვენს ცხოვრებაში, ჯანმრთელობაში, კარიერასა თუ ოჯახში. ჩემი შეტყობინება კი მუდამ ასეთია: „რა საჭიროა დალოდება?“

ჩვენ ძალგვიძს, ვისწავლოთ და შევიცვალოთ ტკივილსა და წამებაში, ანდა განვვითარდეთ სიხარულითა და შთაგონებით. უმრავლესობა პირველს ირჩევს. მეორე გზით წასასვლელად აუცილებელია გავიაზროთ, რომ ცვლილება მოიცავს დისკომფორტს, შეწუხებას, რუტინისგან განთავისუფლებას და რაღაც პერიოდი სრულ გაურკვევლობას.

უმრავლესობისთვის ნაცნობია გაურკვევლობის დისკომფორტი. ჩვენ ენის ბორძიკით ვისწავლეთ კითხვა, სანამ ეს ჩვევა ღრმად გაგვიჯდებოდა. ვიოლინოს დაუფლების საწყის ეტაპზე, დაკვრის მაგივრად უცნაურ ხმებს გამოვცემდით. წარმოიდგინეთ საწყალი პაციენტი, რომელსაც ჯერ კიდევ გამოუცდელი მედდა ჰყავს მიჩენილი. მედდას საკმარისი ცოდნა გააჩნია, თუმცა აკლია სიზუსტე, რომელსაც მხოლოდ პრაქტიკით მიაღწევს.

ცოდნის მიღება (თეორიულად) და პრაქტიკაში მისი განმეორებითი დანერგვა (ცოდნა თუ „როგორ“), არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც აითვისეთ ის, რაც იცით (ცოდნა, რომ იცით). იმავე პრინციპით, იმისათვის რომ ცხოვრება შეცვალოთ, უნდა მიიღოთ ცოდნა და იგი შესაბამისად გამოიყენოთ. ამ მიზეზით, წინამდებარე წიგნი გაყოფილია სამ ნაწილად.

პირველ და მეორე ნაწილებში მე დაგეხმარებით იდეების თანმიმდევრობით აგებაში. მოგვიანებით ეს იდეები ხელს შეგიწყობთ, ჩამოაყალიბოთ შეცნობის უფრო დიდი და ფართო  მოდელი, რომელსაც პერსონალურად გამოიყენებთ. თუ გარკვეული იდეები განმეორებითად მოგეჩვენათ, ეს მოხდება იმიტომ, რომ მსურს შეგახსენოთ და მათი დავიწყების საშუალება ნაკლებად დაგიტოვოთ. გამეორება აძლიერებს წრედს თქვენს ტვინში და მეტ ნერვულ კავშირებს ქმნის. ასე რომ ყველაზე მძიმე მომენტშიც კი არ შეცვლით დიადი ნაბიჯის გადადგმის გადაწყვეტილებას. როდესაც თავისუფლად გადახვალთ წიგნის მესამე ნაწილზე, თქვენ შეძლებთ საკუთარ თავზე უკვე შესწავლილი „სიმართლე“ გამოსცადოთ.